გიორგი კახიანი - დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და პლენარულ სხდომებს არ ესწრება
დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და პლენარულ სხდომებს არ ესწრება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, რომელიც კენჭისყრის ჩაშლის საკითხს გამოეხმაურა.
დეპუტატის განმარტებით, კენჭისყრის ჩაშლა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღების თვალსაზრისით არაფერს შეცვლის.
„შესაძლებელი იყო, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ კვორუმი არ იყო, კენჭისყრის ჩატარება ხვალ მოგვიწევს. ბიუჯეტის პროექტს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ ყველა პარლამენტის წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ სხდომათა დარბაზში მაშინ იყვნენ, როცა საჭიროა და კენჭისყრებში მონაწილეობა მიიღონ”, – განაცხადა კახიანმა.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი ვერ უყარეს, მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო. ფინანსურ დოკუმენტს კენჭს ხვალინდელ სხდომაზე უყრიან.