გიორგი კახიანი - აშშ-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, უნდა გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა, რაც მათ ინტერესშიც არის
აშშ-მა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მათ უნდა გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შექმნილი ვითარების ნორმალიზებას მოახდენდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადრე თუ გვიან ამ პროცესის ნორმალიზება აუცილებლად მოხდება, რადგან ეს ორივე მხარის ინტერესშია.
„ერთი მხრივ, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, ამ ვითარებაში უნდა გადადგმულიყო ისეთი ნაბიჯები, რომლებიც მდგომარეობის ნორმალიზებას მოახდენდა, ეს არის როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ამერიკული მხარის ინტერესში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ურთიერთობების ნორმალიზება, უფრო გაღრმავება ორივე მხარის ინტერესში უნდა იყოს. ამავდროულად, ვფიქრობ, უსამართლო გადაწყვეტილება იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში საქართველოს ერთგულების და ნდობის მეტი არაფერი დაუმსახურებია ჩვენი პარტნიორების წინაშე. ამ ფონზე, როდესაც სანქციებით არის საუბარი და გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ბუნებრივია, ეს უსამართლობის განცდას კიდევ უფრო აჩენს. მე მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან ამ პროცესის ნორმალიზება აუცილებლად მოხდება, რადგან ეს ორივე მხარის ინტერესშია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი მოქმედებები ახანგრძლივებს ამ დროს. როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილში არაფერი შეცვლილა და ეს აუცილებლად ასე დარჩება და გაგრძელდება, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, სანქციების დაწესების საფუძვლების ჩამოთვლისას ისეთი რამ დასახელდა, რაც აქტუალური იყო წინა ხელისუფლების დროს, თუმცა „მაშინ, არანაირ სანქციებზე არ ყოფილა საუბარი, პირიქით, ვხედავდით ნორმალურ თანამშრომლობას“.
„ყველამ ვიცით, რომ სანქციების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება. არ გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ გამჭვირვალობის კანონი არ ახსენეს საფუძვლებში – როდესაც საკანონმდებლო პროცესის განხორციელებაზეა საუბარი და პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის კანონი, რაც თავისი ქვეყნის ინტერესებშია, ამის გამო დასანქცირება, ბუნებრივია, აბსურდული იქნებოდა. ამიტომაც, როგორც ჩანს, მიუთითეს სხვა საფუძვლები. ეს საფუძვლები საერთოდ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები დაცულია, ასევე გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება. ყველაფერი ეს საპირისპიროდ ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მაშინ არავის არაფერი განუხორციელებია. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დროებითია, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, საუბარია 30-მდე პირის სანქცირებაზე, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვის ეხება სანქციები.
„კითხვას აჩენს თუნდაც ის, რომ პარლამენტის ერთი წევრი მაინც თუ არის ამ სიაში, რა პრინციპით უნდა ყოფილიყო შერჩეული, ყველამ ერთნაირად მიიღო მონაწილეობა ამ კანონის მიღებაში. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ გვახსოვს შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებთან მიმართებაში კონკრეტული სახელები და გვარები იყო ნახსენები. ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მიდგომაა. სასიამოვნო არ არის ეს, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება, იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის ყველა წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სუვერენიტეტს. ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინაა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.