გიორგი კახიანი - არახამიას განცხადებებში ვხედავთ იმ დამოკიდებულებას, რაც უკრაინის ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს, უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
სამწუხაროდ, არახამიას განცხადებებში ვხედავთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„საქართველო უკრაინას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყველანაირად უდგას გვერდში და ჩვენ მათი მხარდაჭერისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიაზრებთ იმ მდგომარეობას, რაშიც ისინი არიან. ვხედავთ, უკრაინა რა მძიმე მდგომარეობაშია და ამიტომ მათთან ასეთ თემებზე პოლემიკაში შესვლა არ ღირს. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახიანმა.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.
ამასთან, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.