გიორგი კახიანი - არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი დღე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდება, რადგან პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არის სრული კოორდინაცია
ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი დღე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდება, რადგან არის სრული კოორდინაცია პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ფაქტია, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ – ერთი მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, დარბაზში ნუ შემოხვალთ და ასეთი სურათი შევქმნათ, რომ მე შიგნით ვიქნები და თქვენ გარეთ იდექითო, მეორე მხრივ კი ოპოზიცია, მაგალითად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავისი ფრაქციის წევრებს ფაქტობრივად, უკრძალავენ სხდომაზე შემოსვლას. აკრძალვა ამას გულისხმობს, რომ ფაქტობრივად, არ ენდობიან თავისი ფრაქციის წარმომადგენლებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი კენჭისყრის დროს. აი, ასეთი ვითარება გვაქვს და ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა იქნება“, – განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, ბუნებრივია, პრეზიდენტი გააგრძელებს თავის უფლებამოსილებას, მაგრამ ის იქნება ფორმალური პრეზიდენტი და კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით არის აღიარებული, პრეზიდენტისთვის იქნება პოლიტიკური, თუ მორალური ტვირთი.
გიორგი კახიანმა ასევე განაცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელი და ამ პროცესს არ დააკნინებს თუნდაც ის, თუ საბოლოოდ, ამას პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოჰყვება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, პოლიტიკურად რა სარგებელი აქვს „ქართული ოცნებას“ ამ პროცესიდან, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ეს პროცესი იყო გამართლებული, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ის.
ამასთან, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაერქვა კონსტიტუციის დარღვევა, რაც უმნიშვნელოვანესია, ხოლო რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს იმპიჩმენტის პროცესი ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს, არის სრული აბსურდი.
„ეს პროცესი იყო უმნიშვნელოვანესი პროცესი. თავიდან რომ გახდეს საჭირო ამ პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, თავიდან დავიწყებდით და გავივლიდით ზუსტად იმ პროცესს, რაც გავიარეთ“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო პრეზიდენტის განცხადებები, სადაც მან ერთი მხრივ, სრულიად უსაფუძვლოდ, შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეებს, როცა თქვა, რომ მათ სამარცხვინო გადაწყვეტილებები მიიღეს და მეორე მხრივ, თქვა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუცია ერთადერთი ინსტიტუციაა და დანარჩენი ინსტიტუციები არ ფუნქციონირებენ.
„გაგრძელებებზე არაფერს ვამბობ. პრეზიდენტი რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს, როგორ შეიძლება, მას მთავრობა ენდოს? როგორ შეიძლება, მთავრობამ მასთან ითანამშრომლოს თუნდაც, საგარეო პოლიტიკურ საკითხებში? ეს ხომ წარმოუდგენელია?“, – განაცხადა კახიანმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თავის განცხადებებში გარკვეულ სიმაღლეზე უნდა იდგეს.