გიორგი კახიანი - არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკანორ მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება
არ გამოვრიცხავ, საქართველოს პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკანორ მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვით, პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.
გიორგი კახიანის თქმით, ხვალ პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, პარლამენტმა იმსჯელოს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე.
მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემა არ არის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, ეს არის გენერალური პროკურატურის უფლებამოსილება.
„ამ შემთხვევაში, რა მონაწილეობას იღებს პარლამენტი, განვმარტავ. მოგეხსენებათ, პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით, იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებასა და ჩხრეკაზე. ანუ პროკურატურა ვერ განახორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას ან ჩხრეკას პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამჟამად, პროკურატურისგან შემოსულია თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი. პარლამენტი ამ საკითხზე ბუნებრივია, იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავად პროცედურა შემდეგია: მაშინ, როცა ბიურო უკვე განსაზღვრავს კომიტეტს და ეს იქნება საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, მოხდება ამ საკითხის განხილვა, ვინაიდან ძალიან მჭიდრო ვადებში ვართ მოქცეული. ვფიქრობ, საკომიტეტო განხილვა ხვალ დილითვე ჩატარდება. ამასთან, ხვალვე პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მისთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს შუამდგომლობა მხოლოდ ახლა შემოვიდა პარლამენტში, რამდენიმე წუთის წინ. ცხადია, ამაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ზოგადად, საზოგადოებას აქვს ინფორმაცია და ნახა, ნიკანორ მელია რა მონაწილეობას იღებდა ამ საპროტესტო აქციის დროს. არ დავიწყებ შეფასებებს, რა გააკეთა. შემიძლია ასევე გითხრათ, დამატებით ასევე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული პარლამენტში, მათგანაც მოვისმენთ დამატებით, თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს. ეს არ იქნება საკითხის განხილვა, რომელზეც ვიმსჯელებთ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რადგან ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკანორ მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.