გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ვერ ხედავს პერსპექტივას, რომელიმე საარჩევნო სისტემა კენჭისყრაზე დადგეს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ვერ ხედავს რაიმე პერსპექტივას, რომელიმე საარჩევნო სისტემა კენჭისყრაზე დადგეს.
საქართველოს პირველ არხთან საუბარში გიორგი კახიანი მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა. კახიანის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში, პროპორციული ან მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ, კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემაზე რაიმე ცვლილების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება.
„კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები ვეღარ განხორციელდება. თუ ვინმეს ინიციატივა მაინც ექნება, ეს პროცედურული საკითხია და პროცედურულად ისეთ მსვლელობას მივცემთ, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. მაჟორიტარმა დეპუტატებმა თქვეს, რომ იმათი მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ, ვინც მათ ინიციატივას მხარს არ უჭერს. ალბათ, ეს პროცესი ასე წარმოუდგენიათ. ფაქტია, რომ საკუთარ მცდელობას მონდომებას არ დააკლებენ”, – განაცხადა კახიანმა.
მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ინიციატივით გამოდის, მომავალი მოწვევის პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით დაკომპლექტდეს. ცვლილებების ინიცირების მიზნით 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ.