გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ისურვებდა, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად დიდხანს დარჩეს, რადგან მისი მინისტრობის პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა
ეს საკითხი ასე არ დგას დღის წესრიგში, რომ თეა წულუკიანი მთავრობიდან წავიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
ამ განცხადებით გიორგი კახიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, პარლამენტის გაძლიერებული ზედამხედველობის პირობებში იცის თუ არა მან, რატომ აპირებს მმართველი გუნდის ძირძველი მინისტრი მინისტრთა კაბინეტიდან წასვლას.
როგორც კახიანმა აღნიშნა, თეა წულუკიანი გუნდის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი წევრია და როდესაც მისი წასვლის თაობაზე გაჟღერდა, მას ეს სერიოზულად არც მიუღია.
„თუ თეა წულუკიანმა დღეს რამე დაადასტურა, დაადასტურა, რომ მას არანაირი განცხადება არ აქვს დაწერილი, რაზეც ადრე იყო საუბარი და მისი წასვლის პროცესიც კი არ არის დაწყებული. უბრალოდ, ისაუბრა იმაზე, რომ არის რაღაც კონკრეტული საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და აქედან გამომდინარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, კონკრეტულად რა საკითხზეა საუბარი“, – განაცხადა კახიანმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად კიდევ დიდხანს დარჩეს, რადგან მისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის გაიგო მან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ამის თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავად გააკეთა განცხადება.
„ზოგადად, ამაზე საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგაც. მოსახლეობაში, ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან, იყო ასეთი დამოკიდებულება, თუ რატომ არ ბრუნდებოდა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი. ისინი ამაზე საუბრობდნენ შეხვედრებზე და არა მარტო შეხვედრებზე, ეს მოსაზრება სოციალურ ქსელშიც ისმოდა. ამის შემდეგ, ბოლოს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში ბრუნდება, ეს ზოგადად ყველასთვის ამ ეტაპიდან გახდა ცნობილი“, – განაცხადა კახიანმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, თავის დროზე, რატომ წავიდა პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩათვალა, მაშინ იყო ეს დრო.
„როდესაც პოლიტიკიდან თავის დროზე და ღირსეულად მიდიხარ, მეტი შანსი გრჩება, ადრე თუ გვიან, უკან დაბრუნდე“, – განაცხადა კახიანმა.
შეკითხვაზე, იყო თუ არა პოლიტიკაში მოსვლაც და დაბრუნებაც ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნული გადაწყვეტილება, კახიანმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, მისი პიროვნული დამოკიდებულებისა და პოზიციის გარეშე, ბუნებრივია, ის პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა და ამას ვერავინ დააძალებდა.