გიორგი კახიანი - 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე კონსენსუსი არსებობს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი არსებობს და იმედია, საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის ინიციატივას მხარს დაუჭერს.
კახიანი განმარტავს, რომ ცვლილებების მიღებისთვის მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ იქნება საკმარისი.
„ორივე კონსტიტუციური ინიციატივა მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ითვალისწინებს 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, განსხვავება არის მხოლოდ ორ საკითხში, ეს არის ბარიერთან და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენი ინიციატივის მიხედვით, იარსებებს ე.წ. ბუნებრივი ბარიერი, ანუ, ბარიერი არ არსებობს და გარდა ამისა, არ იარსებებენ საარჩევნო ბლოკები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც განხილვები და მსჯელობა მიმდინარეობდა აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა პოზიციები მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, არც ერთი არგუმენტირებულად არ მეჩვენება“, – განაცხადა კახიანმა.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხვალ დაიწყებს. თავდაპირველად, ოპოზიციის პროექტის განხილვა მოხდება, შემდეგ კი უმრავლესობის.