გიორგი კაკაურიძე - ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის შეფასებით, სავალუტო ფონდის პროგრამა წლის ბოლომდე განახლდება.
„სავალუტო ფონდთან პროგრამა დროებით შეჩერებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება შესაძლებელი იქნება. პროგრამის განახლებისთვის ჩვენ ალბათ უნდა დაველოდოთ ტექნიკურ მისიას, რომელიც ჩამოსულია ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს საკითხებზე, როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეროვნული ბანკის საბჭო. მათი რეკომენდაციები იქნება განსახილველი და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პროგრამის განახლებაზე“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, პროგრამის დროებით შეჩერების მიზეზია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ბორდის ფუნქციონირების საკითხი.
„პროგრამა 2015 წელსაც იყო შეჩერებული და მალევე აღდგა. დაახლოებით 6 თვის თავზე პროგრამა აღდგა და გაგრძელდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ წლის ბოლომდე შეთანხმება მოხდება და პროგრამა გაგრძელდება. პროგრამა შეწყვეტილი არ არის, პროგრამის გაგრძელება შესაძლებელი იქნება“, – განმარტავს გიორგი კაკაურიძე.