გიორგი კაკაურიძე - სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონის გადახდა ბიუჯეტიდან რომ მოხდებოდა, არავის უთქვამს, ითქვა, რომ მათ ჩამოეწერებათ დავალიანება, კერძო უნივერსიტეტებს კი არავინ ავალდებულებს
არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს ჩამოეწერებათ ეს დავალიანება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯება ამ პროექტისთვის, ცნობილი გახდება ორი თვის შემდეგ, როცა პროცედურები დასრულდება.
„პრემიერმა თქვა, რომ 40 მილიონი არის ვალი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. რამდენს დავხარჯავთ, ზუსტად გამოჩნდება დაახლოებით ორ თვეში, როცა ეს დასრულდება. მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება, რადგან განათლების სამინისტრო თავისი რესურსით უზრუნველყოფს ამ თანხების დაფინანსებას. 40 მილიონი არ დაიხარჯება ამაში. კერძო უნივერსიტეტებს თუ არ ენდომებათ, მათ შეუძლია, თქვან უარი, არავინ არ ავალდებულებს. ანაზღაურება, რომელიც შესთავაზა სამინისტრომ, აბსოლუტურად ლოგიკურია და უნივერსიტეტებისთვისაც ეს იქნება მისაღები, რადგან სტუდენტებს ჩამოეწერებათ ვალები, ვისაც ენდომება სწავლის გაგრძელება შეძლებენ, ვისაც არ ენდომება, დავალიანება ექნება ჩამოწერილი და გააგრძელებს თავის საქმეს, როგორც აქამდე აკეთებდა“, – განაცხადა კაკაურიძემ.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შეთავაზებას ყველა უნივერსიტეტი დათანხმდა, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.