გიორგი კაკაურიძე - დღეის მდგომარეობით, კომპენსაცია დაახლოებით 400 ათას ადამიანს აქვს აღებული
დღეის მდგომარეობით კომპენსაცია დაახლოებით 400 ათას ადამიანს აქვს აღებული, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია 300 ლარიან, ასევე 1200 ლარიანი დახმარებიდან ერთი თვის კომპენსაციაზე.
„ყველაფერი ჯერჯერობით ერთი თვის არის გაცემული. მაისში დაიწყო გაცემა. აქ ვგულისხმობ ასევე სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს და სხვებს. თარიღით არის ჩაკეტილი მხოლოდ თვითდასაქმებულები. მათ განაცხადის შემოტანის უფლება პირველ ივლისამდე აქვთ. 60 ათასზე მეტზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ყოველდღიურ რეჟიმში იხილავს კომისია. 60 ათასზე გადაწყვეტილებაა მიღებული, დაახლოებით 90 ათასი განაცხადია, 3-4 ათასი განაცხადი შემოდის ყოველდღიურად და პროცესი მიმდინარეობს. თითქმის ერთი თვეა დარჩენილი და ვფიქრობთ, ეს მოცულობა, რაც არის დაგეგმილი, 75 მილიონი, საკმარისი იქნება ამ მიმართულებით. ინფორმაციის მიწოდებაც ალბათ დამატებით იქნება საჭირო. შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულია დაახლოებით 150 ათასი ადამიანი, ვისაც ეს ეკუთვნის. 150 ათასიდან, ჯერ მხოლოდ მესამედია მოსული“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, ყველას გაეგზავნა შეტყობინება, ვისი მობილური ტელეფონის ნომერიც ბაზაში იყო. ასევე ინფორმაცია მიეწოდათ rs.ge-ს პორტალის მეშვეობით.