გიორგი გვიმრაძე - შეიარაღება და კონტაქტები, რაც სპეცოპერაციის დროს გამოვლინდა, გვაფიქრებინებს, რომ ამ ადამიანებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ჰქონდათ
გიორგი გვიმრაძე - შეიარაღება და კონტაქტები, რაც სპეცოპერაციის დროს გამოვლინდა, გვაფიქრებინებს, რომ ამ ადამიანებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია ჰქონდათ

შესაძლებლობათა მასშტაბები – შეიარაღება და გარკვეული კონტაქტები, რომელიც გამოძიების შედეგად და სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გამოვლინდა, ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ ამ ადამიანებს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ, – ამის შესახებ პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა და საერთაშორისო მიმომხილველმა, გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ანტიტერორისტულ კამპანიებში ვმონაწილეობთ სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენ წინაშე საერთაშორისო ტერორისტული გამოწვევა ისედაც დგას, მაგრამ დღევანდელმა დღემ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუ საბოლოო ჯამში ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დადასტურდება, შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ პრობლემას ძალიან ახლოს, ჩვენ ქვეყანაში შევეჯახეთ“, – განაცხადა გვიმრაძემ.

როგორც გვიმრაძემ აღნიშნა, ამ ტიპის გამოწვევა დღეს მსოფლიოსთვის განსაკუთრებულად აქტუალური ხდება. 

„თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სირიასა და ერაყში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ ისლამური სახელმწიფო, როგორც გეოგრაფიული წარმონაქმნი, დამარცხდა, ამ ორგანიზაციის ცხოვრებაში იწყება სხვა ეტაპი, რაც მისი მებრძოლების გადაადგილებასა და ხალიფატის იდეის სხვა ადგილებში ფრაგმენტაციას გულისხმობს.

ეს არის პროცესი, როცა ორგანიზაციის მებრძოლების ოჯახებში დაბრუნება ხდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ, სირიასა და ერაყში მათ შორის, საქართველოდან წასული რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძოდა. ამ ადამიანთა გადაადგილება აჩენს გამოწვევებს. ეს გამოწვევები შეიძლება იყოს იდენტიფიკაციასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული.

ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, მაგრამ ამავდროულად არის რესოციალიზაციის პრობლემა. ერთ–ერთი კვლევითი ორგანიზაცია ამბობს, რომ მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი დააკავო, მაგრამ ჩნდება პრობლემა, რომ მათ თავიანთი თანამესაკნეების რეკრუტირება დაიწყონ. ამგვარი ტიპის პრობლემები ძალიან აქტიური ხდება და ამ ტიპის გამოწვევების წინაშე სულ უფრო აქტიურად ვდგებით“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე