გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტია, არაქართულენოვან მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის გასაგებ ენაზე უყუროს.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაცხოვრებლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, პანელიდან ენის შეცვლით, 18:00 და 21:00 საათიანი „მოამბის“ ყურება სომხურ ენაზე, სინქრონული თარგმანის საშუალებით, შეუძლიათ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ დღეს ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრიორიტეტია, არაქართულენოვან მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია.
გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტიდან გამომდინარე, ვებპორტალი 1tv.ge მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რადგან ახალი ამბები 7 ენაზე ითარგმნება.
„მოსახლეობას ახლა უკვე ციფრული საშუალებით აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ის პროდუქტი, რომელსაც წელიწადზე მეტია საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს, იგულისხმება „მოამბის“ ორი გამოშვების სინქრონული თარგმანი. ასევე უფრო ხელმისაწვდომი გახდა ვებ პლატფორმა. ყველა ინფორმაცია მოსახლეობისთვის მისაღებ ენაზე ითარგმნება, ვებსაიტი უკვე მაუწყებლობს 7 ენაზე“, – განაცხადა გვიმრაძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის მიზნით, სპეციალური პროექტი განხორციელდა. აშშ-ის საელჩო პროექტს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ახორციელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი თითქმის ორი წელია, ადგილობრივი ტელევიზიების დახმარებით, „მოამბის“ ორ გამოშვებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის.