გიორგი გვიმრაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს შესახებ მოსალოდნელი იყო
ცხადია, არ ვიზიარებთ პრეზიდენტის ამ შენიშვნებს. ჩვენ ამაზე მასთანაც გვქონდა საუბარი და როგორც საქმემ აჩვენა, პრეზიდენტი თავის პოზიციაზე რჩება, ჩვენ კი ჩვენს პოზიციაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადების შესახებ განაცხადა.
გიორგი გვიმრაძის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თუმცა არგუმენტების შეფასებისგან თავს შეიკავებს, რადგან ეს უკვე პარლამენტის პრეროგატივაა.
„როცა ამ საკითხზეა საუბარი, ჩვენ არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ არასამთავრობოების დიდ ნაწილისა და პარლამენტარების აზრსაც არ ვიზიარებთ. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ამ შემთხვევაში არგუმენტების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს უკვე არის პარლამენტის პრეროგატივა და მასში არ ჩავერევით. ჩვენ ამჯერად უკვე ველით იმას, თუ როგორი იქნება პარლამენტის პასუხი ვეტოზე, რადგან კანონი არის პარლამენის მიერ სამი მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხიც პარლამენტის გადასაწყვეტია“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი.