გიორგი გვიმრაძე - პრეტენზია, რომ მაუწყებელში ხდება ახალი თანამშრომლების მიღება და ძველების გაშვება, არასამართლიანია
გიორგი გვიმრაძე - პრეტენზია, რომ მაუწყებელში ხდება ახალი თანამშრომლების მიღება და ძველების გაშვება, არასამართლიანია

პრეტენზია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდება ახალი თანამშრომლების მიღება და ძველების გაშვება, ძალიან არასამართლიანია, ეს ცოცხალი პროცესია, – ამის შესახებ პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებს ის ახალი თანამშრომლები, რომლებიც ამ პროცესებში მოხვდნენ, არ ადარდებს.

“საუბარი იმაზე, რომ ახლები მოგვყავს და ძველებს ვუშვებთ, არასწორია. სადაც შესაძლებელი იყო ძველი კონტინგენტიდან თანამშრომლების დასაქმება, ცხადია, ასეც მოხდა. პრეტენზია, რომ ხდება ახალი თანამშრომლების მიღება და ძველების გაშვება, ძალიან არასამართლიანია. ეს ცოცხალი პროცესია. ვიღაც მოდის, ვიღაც მიდის. არასამართლიანია ეს განცხადებები, რადგან რამდენიმე ახალი თანამშრომელი წავიდა და მაშინ ეს ნიშნავს, რომ იმავე პროფკავშირებს ეს ახალი თანამშრომლები, არ აღელვებთ და არ ადარდებთ. ჩემი აზრით, აქაც ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, როდესაც ვიღაცას იცავენ და ვიღაცის უფლებები არ აინტერესებთ”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი განახევრდა, არასწორია.

„არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობენ, როდესაც რეიტინგის განახევრებაზე საუბრობენ, არასწორია ეს ინფორმაცია. შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაამოწმონ. ეს პროცესი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ პროგრამები, რომლებსაც აწარმოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, იყოს დაკომპლექტებული კონკრეტული ადამიანებით, რომლებიც ემსახურებიან კონკრეტულ პროგრამებს და არ დარჩნენ პროგრამებს მიღმა ადამიანები, რომლებიც ვერ იქნებიან დაკავებული ამ პროცესში“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

ამასთან, გიორგი გვიმრაძე გამოეხმაურა პირველი არხის ჟურნალისტების გადამზადების საკითხთან დაკავშირებით, მისივე კონსულტანტის დოდო შონავას განცხადებას.

როგორც გვიმრაძე აცხადებს, დოდო შონავას განცხადებას მიიღებს, როგორც კონსულტანტის კონსულტაციას.

„მე ამას მივიღებ როგორც ჩემი კონსულტანტისგან კონსულტაციას. ამის შესახებ ვიფიქრებ. აღმასრულებელ საბჭოზე გავიტან ამ საკითხს სამსჯელოდ და შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. თუ ჩემი კონსულტანტი მიიჩნევს, რომ არის გარკვეული ხარვეზი, ამას დასაბუთება დასჭირდება. ცხადია, მან ეს უნდა დაასაბუთოს. ამ დასაბუთების საფუძველზე ვიმსჯელებთ. მის კონსულტაციას გავითვალისწინებთ ან არ გავითვალისწინებთ”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს მიერ დღეს მენეჯმენტისთვის გაგზავნილ მოთხოვნებს, როგორც გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება, მოითხოვოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია.

„სამეურვეო საბჭოს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მენეჯმენტისგან. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაციაა მოთხოვნილი, სამეურვეო საბჭო ამ ინფორმაციას აუცილებლად მიიღებს უმოკლეს ვადებში”, – განაცხადა გვიმრაძემ.