გიორგი გვიმრაძე - 14 სექტემბრისთვის რეგისტრირებულ ყველა კვალიფიციურ სუბიექტს საქართველოს პირველ არხზე ექნება ერთმანეთთან დებატის შესაძლებლობა, დებატების შესაძლებლობა ექნებათ თბილისის მერობის კანდიდატებსაც
ყველა კვალიფიციურ სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირებული იქნება 14 სექტემბრისთვის, ექნება შესაძლებლობა, ერთმანეთთან დებატი გამართოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი, გარკვეული თვალსაზრისით, არის შებოჭილი კანონმდებლობით, რომელიც გვიწესებს ჩარჩოს, თუ როგორ უნდა გავაშუქოთ საარჩევნო პროცესი და შესაბამისად, ცხადია, ჩვენ მივყვებით ამ საკანონმდებლო რეგულაციებს. გარკვეულ ნაწილში ისინი არის აბსოლუტურად სწორი და მისაღები იმ მოცემულობისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს ქვეყანაში და, ბუნებრივია, ის ითვალისწინებს მიუკერძოებლობას, ნეიტრალურობას, დაბალანსებას იმისა, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, ამომრჩეველს მიაწვდინოს ხმა და შესთავაზოს საკუთარი თავი. თუმცა, მეორე ნაწილი, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის პრობლემურია, ეხება დებატების ნაწილს და აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ კვალიფიციური სუბიექტებისთვის დებატებში მონაწილეობის თვალსაზრისით თანაბრობა და თანასწორობა ჩვენთვის ყოველთვის არის გამოწვევა. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება გააზრებული შემდგომ პარლამენტში და გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც იყოს საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უამრავი კვალიფიციური სუბიექტი გვყავს ამ წელს, 13-14 კვალიფიციური სუბიექტი მონაწილეობს. ჯერ კიდევ რეგისტრაციის პროცესი მიდის, თუმცა სიმრავლე თავისთავად ქმნის გარკვეულ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატური იქნება ხოლმე ის ფორმატი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, ყველას მისცეს შესაძლებლობა, ერთად მიიღონ მონაწილეობა დებატებში.
„ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველას ერთად მივცეთ ეს შესაძლებლობა, რადგან შემდეგ სულ არის ხოლმე გარკვეული კითხვის ნიშნები, რომ აი, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, მმართველ პარტიასთან ერთად ვყოფილიყავით და ა.შ. ამიტომ ყველა პარტიას ერთ დებატს ვთავაზობთ და ყველა პარტიას, რომელიც დარეგისტრირებული იქნება 14 სექტემბრისთვის, ექნება შესაძლებლობა, ერთმანეთთან დებატი გამართოს. მათ შორის, ცხადია, ვგულისხმობთ მმართველ პარტიასაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ მიიღებს ამაში მონაწილეობას და ვინ-არა. ჩვენი შეთავაზება ასეთია, რომ ყველა დარეგისტრირებული კვალიფიციური სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.
მისივე განმარტებით, იგივე ეხება თბილისის მერობის კანდიდატებსაც.
„ამაზეც უამრავი ვიფიქრეთ, ასევე ყველა დარეგისტრირებული კვალიფიციური სუბიექტი ერთად იქნება მოწვეული ჩვენს დებატზე 21 სექტემბერს. ჩნდება კითხვები, რომ დანარჩენ თვითმმართველობებში რა ვქნათ, მაგრამ წარმოვიდგინოთ ისიც, რამდენია ეს ყველაფერი. უბრალოდ შეუძლებელია ერთი თვის განმავლობაში ამდენი დებატის გამართვა. არ არსებობს სწორი პრინციპი, რომლითაც შეგვიძლია, გამოვყოთ ერთი თვითმმართველობა და მეორე დავტოვოთ ისე. აქედან გამომდინარე, ცხადია, ყველა აქტივობას, რომელიც პარტიებს ექნებათ რეგიონებში, „მოამბე“ გააშუქებს და ასევე, სხვადასხვა სუბიექტს თუ კანდიდატს სხვადასხვა პლატფორმაზე მიეცემათ საშუალება, რომ გაესაუბროს საკუთარ ამომრჩეველს“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
საქართველოს პირველი არხის მიზანია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი გაშუქებული იყოს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. წინასაარჩევნო კამპანიის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველი არხი პარტიებს სთავაზობს სატელევიზიო და რადიო ეთერს.
ცესკო-ს მიერ დარეგისტრირებულ ყველა კვალიფიციურ პარტიას მიეცემა თანაბარი ეთერი, როგორც საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“, ასევე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში. მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში გაშუქდება საარჩევნო სუბიექტების (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური) ყველა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათი საარჩევნო პროგრამები და პოზიციები, გამოშვებებს ახლავს სურდოთარგმანი და მთავარი გამოშვება ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (ენის რეჟიმის მართვა შესაძლებელია სეტ ტოპ ბოქსის საშუალებით).
საქართველოს პირველი არხი გეგმავს სპეციალურ საარჩევნო ფორმატს „დებატები 2021“. 14 სექტემბერს, 22:00 საათზე დებატები გაიმართება არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს შორის, სადაც მონაწილეობისთვის სპიკერებს განსაზღვრავენ თავად პარტიები. 21 სექტემბერს, 22:00 საათზე დებატები შედგება კვალიფიციური პარტიების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის.