გიორგი გუგავა - შემოდგომაზე აპირებენ ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდას, სწორედ ეს ააფეთქებს ამ ხელისუფლებას და მიუჩენს საკუთარ ადგილს
გიორგი გუგავა - შემოდგომაზე აპირებენ ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდას, სწორედ ეს ააფეთქებს ამ ხელისუფლებას და მიუჩენს საკუთარ ადგილს

ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა სოციალური კატასტროფაა, ეს გამოიწვევს ბუნტს და მალე დადგება ხელისუფლების საპანაშვიდე პერიოდი, სწორედ ასეთი გაზრდილი ტარიფები ააფეთქებს მათ და მიუჩენს საკუთარ ადგილს, – ამის შესახებ სემეკში „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.

როგორც გუგავამ აღნიშნა, აპირებენ დეკემბერში მიიღონ გადაწყვეტილება და ცივ ზამთარში ხალხს საჩუქრად დაურიგონ ქვითრები, რომლებშიც იქნება გაზრდილი ტარიფი.

„ქვეყანა იქცეოდა და ტურას ქორწილი ჰქონდაო, ზუსტად ასე ამათი საქმე, იხელთეს დრო, რათა მოხდეს კვლავ გაძვირება გაზზე ტარიფებისა. რამდენიმე დღის წინ მაფიოზმა კალაძემ თავის ამფსონებთან ერთად გადაიფორმა საბოლოოდ თბილისის გაზი და არ დააყოვნა, შემოიტანა სემეკში განაცხადი, რომ გაზზე ტარიფები გაიზარდოს 50 პროცენტით. ეს სოციალური კატასტროფაა, გამოიწვევს ბუნტს და მალე დადგება ხელისუფლების საპანაშვიდე პერიოდი. სწორედ ასეთი გაზრდილი ტარიფები ააფეთქებს მათ და მიუჩენს საკუთარ ადგილს. ეს არის დანაშაულებრივი პროცესი, ისინი მიზეზად იყენებენ ლარის დევალვაციას, რომელიც თავად ჩამოაქციეს, თავად დაანგრიეს. ახლა აპირებენ ამაზე მოითბონ ხელი და კვლავ გაუძვირონ მოსახლეობას ტარიფები“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მინიმუმ 20 თეთრით, ანუ დაახლოებით 50 პროცენტით იგეგმება ტარიფის გაზრდა.

„თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ ლარის შემაკავებელი არანაირი ფაქტორი არ არსებობს, ის გააგრძელებს დევალვაციას და ნოყიერი ნიადაგი შეექმნებათ ენერგომაფიოზებს კალაძე-ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ კვლავ გაუძვირონ მოსახლეობას ტარიფები და გააგრძელონ ძარცვა. ეს დაგუბებული, დაგროვებული გაზი აფეთქდება, პოლიტიკურად და შეიწირავს ამ ხელისუფლებას. მე გეუბნებით, რომ გვიან შემოდგომაზე აპირებენ ტარიფების ზრდას გაზზე, ეს შეეხება უპირველესად თბილისს, თბილისში გაიზრდება ყველაზე მეტად და შემდგომში რეგიონებს. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ მაფიოზური დაჯგუფებით, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.