გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის ხმის დასაცავად ერთობლივ მექანიზმებს შეიმუშავებს
გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის ხმის დასაცავად ერთობლივ მექანიზმებს შეიმუშავებს

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტიებს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება შედგა.

მისი თქმით, საჭიროა არჩევნებზე ერთიანი ძალისხმევით, კოორდინირებულად ხელისუფლებასთან დაპირისპირება.

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეთანხმება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. როდესაც ხელისუფლება ფლობს უზარმაზარ ადმინისტრაციულ რესურსს, განმსაზღვრელ ფინანსურ შესაძლებლობებს, ამ დროს საჭირო არის ერთიანი ძალისხმევით, კოორდინირებულად დაპირისპირება ხელისუფლებასთან, რომელიც შეჩვეულია ამომრჩევლის მოსყიდვას, არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს რომ არ დავუშვათ, ოპოზიცია შეიმუშავებს ერთობლივ მექანიზმებს იმასთან დაკავშირებით, როგორ იქნას დაცული ამომრჩევლის ხმა. მოქმედება იქნება ეფექტური, კოორდინირებული, რაც გახდება წინაპირობა იმისა, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს და ვერ მოახერხებს არჩევნების შედეგების გაყალბებას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

რაც შეეხება იმას, თუ ვისთან იქნება მისაღები თანამშრომლობა, გუგავა აღნიშნავს, რომ ყველასთან, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ფორმატში თანამშრომლობს.

„ჩვენს ამ ნებას გამოვხატავთ აღნიშნულ დეკლარაციაზე ოფიციალური ხელმოწერით“, – დასძინა გუგავამ.

კითხვაზე, „ვაშაძე აპირებს, პროდასავლური კოალიციის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი იყოს“ – გუგავა პასუხობს, რომ წარმატებას უსურვებს.

„კარგია, სურვილებს რა ჯობია, კარგ სურვილებს, წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკითხი აქტუალური გახდება მას შემდეგ,რაც ჩვენ ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას და ამომრჩევლის გადასაწყვეტი იქნება, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ვინ შევიდეს კოალიციურ მთავრობაში. ეს იქნება იმ კონსტრუქციით, იმ წარმომადგენლობით განსაზღვრული, რა მანდატსაც ამომრჩეველი მისცემს ამა თუ იმ პარტიას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.