გიორგი ღიბრაძე - ღამის კლუბებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კი შეჯერდება პოზიციები, მაშინვე გამოქვეყნდება, დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კლუბების მუშაობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული.
„რაც შეეხება ღამის კლუბებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან, რათა ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბი გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ეს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
კითხვაზე: „როდის შეიძლება, ველოდოთ გადაწყვეტილებას“, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, უნდა ელოდონ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გასტანს. როგორც კი შეჯერდება პოზიციები ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.