გიორგი ღაღანიძე - ღრმაწყლოვანი პორტების განვითარებას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება
ქვეყანამ საინვესტიციო უპირატესობის გამოყენება რომ შეძლოს, მას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება, – ამის შესახებ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დღეს განაცხადა.
გადაცემაში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების მიზეზები და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 53.7 პროცენტითაა შემცირებული.
გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს გარკვეული საინვესტიციო მიმზიდველობა, რასაც პოლიტიკური სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევების გამო, სრულად ვერ იყენებს.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობიდან ერთი არის გეოსტრატეგიული მდებარეობა და მეორე – ცალსახად, ჰიდრორესურსები. დიდი საინვესტიციო პოტენციალი გვაქვს ყველაფერში, რაც ამ ორ სექტორს უკავშირდება. რასაკვირველია, გეოსტრატეგიული მდებარეობის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ღრმაწყლოვანი პორტების განვითარებაა. ამას პირველ რიგში პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და კბილებამდე შეიარაღებული ძალიან აგრესიული მეზობელი ჰყავს, ეს ძალიან ძნელი იქნება. მაგალითად, თუ შევხედავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინვესტიციების ზრდის გრაფიკს, ვნახავთ, რომ რაღაც წერტილიდან ინვესტიციები იზრდება. ეს ზრდის წერტილი ყველგან დადგა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებმა მიიღეს მაპ-ი. ანუ როდესაც ფიზიკური დაცულობის გარანტია გაჩნდა, იმ წამიდან ქვეყნების ინვესტიციები ზრდას იწყებს“, – განმარტა გიორგი ღაღანიძემ.