გიორგი ღაღანიძე - დოლარი რომ მთელ მსოფლიოში გამყარებას დაიწყებდა, 2011 წლიდან ცხადი იყო
გიორგი ღაღანიძე - დოლარი რომ მთელ მსოფლიოში გამყარებას დაიწყებდა, 2011 წლიდან ცხადი იყო

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ამას ეკონომიკური ზრდის შეჩერება მოჰყვება. მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენად მზად იყო ქვეყანა დოლარის გამყარების ტრენდის მიმართ, რაც უკვე 2011 წელს გახდა ცხადი, – ამის შესახებ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ დღეს განუცხადა.

გადაცემაში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების მიზეზები და ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 53.7 პროცენტით არის შემცირებული.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ინვესტიციების ნაკადის შემცირება ეროვნული ვალუტის კურსზეც უარყოფითად აისახება, რასაც ბიზნესი დღესდღეობით, ნომერ პირველ გამოწვევად ასახელებს და მის მოგვარებას ითხოვს. გიორგი ღაღანიძე აღიარებს, რომ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყნის ვალუტის კურსი ნამდვილად დიდ გამოწვევას უქმნის ბიზნესს, თუმცა თვლის, რომ ლარის გაუფასურების ფინანსური ინსტრუმენტებით შეჩერების შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდა დაზარალდება.

„ლარმა თითქოს მოძებნა ახალი წონასწორობის ნიშნული 2.95 [ერთი აშშ დოლარი დაახლოებით 2.95 ლარი ღირს], რომლის გარშემოც ბრუნავს. მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვას, ხომ შეიძლება, რომ ლარი გაამყარო? შეიძლება, მაგრამ ამის საპირწონე ეკონომიკის ზრდის შეჩერება იქნება. თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს მკვეთრად გაზრდის, ფულის მასას შეამცირებს, ლარი ძალიან მარტივად დაუბრუნდება საწყის ნიშნულს, მაგრამ ეს დანარჩენ ეკონომიკაზე როგორ აისახება?“,- განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.

თუმცა, თსუ-ის პროფესორი სვამს კითხვას, რამდენად მზად იყო ქვეყანა დოლარის გამყარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ, რადგან დოლარის გამყარების ზოგადი ტენდენცია ჯერ კიდევ 2011 წელს გამოიკვეთა.

„მეორეა, რამდენად მომზადებული ვიყავით იმ პრობლემებისთვის, რაც 2013 წელს დაგვეწყო? 2011 წლიდან ცხადი და ნათელი იყო, რომ დოლარი გამყარებას დაიწყებდა. საქმე ის არის, რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამ კონგრესთან შეთანხმება დადო, რომ დოლარის ბეჭდვის შემცირებას დაიწყებდა იმის ხარჯზე, რომ ვალის ზედა ნიშნულმა აიწია და ცხადი იყო, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში დაიწყებდა გამყარებას“, – განმარტა გიორგი ღაღანიძემ.