გიორგი გახარიამ ფარულ ჩანაწერებზე ეკა ბესელიას უპასუხა - მსგავსი დანაშაული კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენი ვალდებულებაა, მივყვეთ ბოლომდე, არ დავტოვოთ სივრცე სპეკულირებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკანონო ჩანაწერების გავრცელების საკითხზე ეკა ბესელიას კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი დანაშაული კატეგორიულად მიუღებელია.
მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, არ დარჩეს არც ერთი გაურკვეველი სივრცე სპეკულირებისთვის.
„ერთი წელი გავიდა, მეტიც, ერთი წელი და 5 თვე. მე და თქვენ ამ თემაზე რამდენჯერმე გვისაუბრია. იცით ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დანაშაული.
ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, ყოველთვის მივყვეთ ბოლომდე და არ დავტოვოთ არც ერთი გაურკვეველი სივრცე სპეკულირებისთვის. ჩემზე უკეთაც იცით, რომ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შსს-მ მსგავსი დანაშაულის პირობებში ასეთი რაოდენობის ადამიანები დააკავა. ზოგი გამავრცელებელი იყო, ძირითადად გამავრცელებლები იყვნენ.
თქვენ იცით, როდის იყო ეს კადრები გაკეთებული, არ მივდივარ სპეკულაციაში. იმ მომენტში, რაც დაადგინა გამოძიებამ, ეს ჩანაწერი ადამიანს, რომელიც დღეს გასამართლებულია, მსჯავრდებულია, რომელმაც გაავრცელა, მიღებული აქვს რუსეთიდან.
ეს ადამიანი თვითონ იმყოფება სომხეთის პენიტენციურ სისტემაში და გამოძიებამ რაც დაადგინა, გავრცელება მოხდა აქედან. ეს არის ის, რაც იმ მომენტში და დღემდე გამოძიებას აქვს. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის გამოძიება დამკვეთებზე გასული არ არის.
„სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, დღეს გამოძიება დამკვეთებზე გასული არ არის. ის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რომელიც თქვენ ვერსიად თქვით, მოსამართლეების დამტკიცება, თქვენც გესმით, რომ ეს არის ვერსია, რომელსაც გამოძიება განიხილავს ერთ-ერთ ვერსიად.
სამწუხაროდ, ეს არის უაღრესად ცუდი პრაქტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში არის ბოლო წლების განმავლობაში გავრცელებული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სტანდარტი ნელ-ნელა ავწიოთ. იცით, რომ ჩემთვისაც, პერსონალურად ეს უაღრესად სამწუხარო და მიუღებელი ფაქტია“, – მიმართა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვა უკანონო ჩანაწერების გავრცელების საკითხზე, რომელიც, მისივე განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაიწერა.
ბესელიას თქმით, ჩანაწერის გავრცელების პერიოდში, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ბესელიას განმარტებით, საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის და მას არ მიუღია პასუხები კითხვებზე, ვინ და რა მიზნით დაგეგმა მასთან დაკავშირებით დანაშაული.