ეკა ბესელია - არ დავიღლები და მოვითხოვ პასუხს, ვიდრე ჩემთან დაკავშირებით დაგეგმილ დანაშაულზე კონკრეტულ სახელს და გვარს არ გავიგებ
ეკა ბესელია - არ დავიღლები და მოვითხოვ პასუხს, ვიდრე ჩემთან დაკავშირებით დაგეგმილ დანაშაულზე კონკრეტულ სახელს და გვარს არ გავიგებ

დეპუტატმა ეკა ბესელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კითხვა დაუსვა უკანონო ჩანაწერების გავრცელების საკითხზე, რომელიც, მისივე განმარტებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაიწერა.

ბესელიას თქმით, ჩანაწერის გავრცელების პერიოდში, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ბესელიას განმარტებით, საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის და მას არ მიუღია პასუხები კითხვებზე, ვინ და რა მიზნით დაგეგმა მასთან დაკავშირებით დანაშაული.

„ბატონო გიორგი, ვფიქრობდი, რომელი საკითხით დამეწყო კითხვის დასმა, ღირდა თუ არა საერთოდ ამ კითხვის დასმა, რასაც გკითხავთ, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, ეს ჩემი შინაგანი განწყობაა და არ ვიქნები გულწრფელი, ახლა სხვა საკითხებზე გესაუბროთ, რადგან ეს თქვენი ბოლო ანგარიშია  ამ მოწვევის პარლამენტში.

თქვენი ბოლო ანგარიშიც არის და ამ პარლამენტისთვისაც ბოლო ანგარიშია და არ მინდა, ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა, მით უფრო, რომ მე ამ კითხვაზე პასუხს თქვენ დამპირდით ამის წინის წინა მოხსენების დროს.

ეს არის თემა, რომელმაც მე პირადად ბევრი გადაწყვეტილება შემიცვალა და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მთავრობის ის წევრები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებულები იყვნენ ამ საკითხთან. ამ საანგარიშო პერიოდში, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც იმ უმრავლესობის დეპუტატის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები.

ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში. დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ მეტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ, რომ გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი მე ჯერ არ მიმიღია.

ვინ დაგეგმა ეს დანაშაული და რა მიზანი ჰქონდა ამ დანაშაულის დაგეგმვას, ასევე, რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო. რა იყო ეს – ეს იყო დასჯა, სამაგიეროს გადახდა, ანგარიშსწორება, თუ გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ თუ სხვა თემაზე აიჩევდა პროტესტის იმ ფორმას, რაც მე ავირჩიე?

მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ პასუხს აუცილებლად მივიღებ. ეს იქნება დღეს, ხვალ, თუ რა დროც არ უნდა დაჭირდეს ამას. მე თქვენ მინდა გკითხოთ, ვინ და რატომ დაგეგმა ეს დანაშაული. ქალბატონი მაიას ნერვებს ვუფრთხილდები, მასთან უკაცრავად, მაგრამ მე ამ კითხვაზე პასუხს მოვითხოვ და არ დავიღლები იქამდე, ვიდრე არ გავიგებ კონკრეტულ სახელს და გვარს, არა კოლექტიურს. ეს იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.