გიორგი გახარიამ და თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნეს.
ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №60-ში მდებარეობს. მისი რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე იქ შეფასებისა და სერვისების განვითარების სააგენტოს საარქივო სამსახური იყო განთავსებული. როგორც აღინიშნა, თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე.
„შენობა არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თუმცა, ე.წ. გერმანელების უბნის ინტერიერის ნაწილია და აშენებულია XX საუკუნის პირველ ათწლეულში, უფრო ძველი ნაგებობის ადგილას. საბჭოთა პერიოდში მან არაერთი რეკონსტრუქცია გამოიარა, დღეს კი, ე.წ. აგურის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. იმისათვის, რომ რეკონსტრუქციის პროცესში არ დარღვეულიყო შენობისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ერთიანი ინტერიერი, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ნოტარიუსთა პალატის დაკვეთით ჩატარდა სრულფასოვანი წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომლის რეკომენდაციები სრულად იქნა გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების ეტაპებზე. სრულად შენარჩუნდა შენობის ქუჩისპირა ფასადი, რომელიც თავისი სადა აგურის წყობით ქუჩის ერთიანი განაშენიანების ნაწილია. ახალი ოფისი 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მორგებულია როგორც პალატის თანამშრომელთა, ისე მოქალაქეების ინტერესებზე, რომლებსაც სხვადასხვა სერვისის მისაღებად ნოტარიუსთა პალატის ოფისში უწევთ მისვლა.
პირველ სართულზე ვიზიტორებისათვის საკონსულტაციო ოთახებია, სადაც ისინი კომფორტულ გარემოში შეძლებენ, მიიღონ იურიდიული კონსულტაცია და ინფორმაცია სანოტარო სერვისების შესახებ, ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაციები.
გაცილებით კომფორტული გახდა გარემო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისათვის. ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს სავალდებულო სტაჟირების გავლა უწევთ კანონით დადგენილი წესით. მათ მალე სტაჟირების თეორიული ნაწილის თანამედროვე ტიპის სასწავლო აუდიტორიაში გავლა შეეძლებათ. მათსავე განკარგულებაში იქნება საკონფერენციო დარბაზები და მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ისინი იურიდიულ ლიტერატურას, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ქართულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებს გაეცნობიან. შენობაში საგამოფენო სივრცეც მოეწყობა, სადაც ქართული ნოტარიატის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია განთავსდება.
თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულია სპეციალური ამწე ლიფტი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები მოხვდებიან პირველ სართულზე, შიდა ლიფტით კი, გადაადგილდებიან შენობის სხვადასხვა სართულზე“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.