გიორგი გახარიამ და იაპონიის ელჩმა იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს
საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრისას აღინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას, რაზეც მაღალი დონის ვიზიტებიც მიუთითებს.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო იაპონიას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ პარტნიორად და საექსპორტო ბაზრად განიხილავს. იაპონიაში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა ტოკიოში გამართული ორთვიანი გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისა და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. გიორგი გახარია მიესალმა იაპონური კერძო სექტორის აქტიურ საქმიანობას საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ მცირე და საშუალო საწარმოების დონეზე და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში პირადად შეხვდეს და მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი იაპონელ ინვესტორებს.
პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მიმართულია საქართველოში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ.