გიორგი გახარია - ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი სისულელეებს წერს, მათ პანკისის ხეობის კი არა, სამშობლოს სიყვარულიც არ ესმით, რა არის
ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან განუცხადა ჟურნალისტებს, სადაც მან პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.
გიორგი გახარიას თქმით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით სპეცრაზმი ხეობაში არავის შეუყვანია, დღეს პანკისის ხეობაში შევიდა მხოლოდ 35 პოლიციელი.
„ყველას მოვინახულებთ. საგანგაშო, მძიმე სიტუაციები არ გვაქვს. ზუსტად ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დრო მქონდა, რაღაც ინფორმაციებს შევხედე და ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, მათ პანკისის ხეობის კი არა, სამშობლოს სიყვარულიც არ ესმით, რა არის. არავის პანკისის ხეობაში ჰესის ასაშენებლად სპეცრაზმი არ შეუყვანია. დღეს პანკისის ხეობაში შევიდა 35 კახეთის სამხარეო პოლიციელი, რომლებსაც ესროლეს ქვა და ამის შემდეგ მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა. მინდა, ზოგიერთებს მოვუწოდო, ცოტა უფრო კეთილსინდისიერად და სერიოზულად მიუდგნენ საკითხს მაშინ მაინც, როცა სერიოზულ თემებზე საუბრობენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რთული დღე იყო, თუმცა შედეგი მოსახლეობასთან ერთად მიღწეულია და ამ შედეგს ყველა დაინახავს.
გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა. დაშავებულთა შორის არის საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტიც. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, დაშავებულებს ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.
„ამ ეტაპზე ჩვენი ეკიპაჟები მოემსახურნენ 40-ზე მეტ პაციენტს, მათ შორის 20 სამართალდამცველი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რვა სამართალდამცველი კი ყამბარაშვილისკლინიკაში. მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, მიმდინარეობს დიაგნოსტიკური კვლევები. ამჟამად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი ადგილობრივი მცხოვრები გადმოჰყავთ“,- განაცხადა თალაკვაძემ. მისივე ინფორმაციით, ახმეტის საავადმყოფოში ორ პირს გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა, როგორც თალაკვაძე ამბობს, დაშავებულები აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეები არ არიან.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დღეს ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.