გიორგი გახარია - ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, შემდეგ გავარკვიოთ, სად შეგვეშალა და ვის შეგვეშალა

ქვების სროლა, ეს გამოსავალი არ არის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პანკისში, აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გახარიამ აღნიშნა, ახლა აუცილებელია ყველა დამშვიდდეს, მტყუან-მართალი კი, მოგვიანებით გაირკვევა.

„დღეს არავინ ვაპირებთ აქ მტყუანისა და მართლის ძებნას, ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ასე შემდეგ. დღეს როგორც უხუცესებთან ვისაუბრეთ, ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ საუბარს. თუ ვინმე გადავიდა და დაარღვია კანონი, ეს ცალკე სალაპარაკოა“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, გიორგი გახარიას თქმით, მშენებლები ადგილობრივებთან საუბარს განაგრძობენ.

„ჰესს რაც შეეხება, ჰესის მშენებლები გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ოღონდ მინდა, ერთი რამ იცოდეთ, ქვების სროლა, ეს გამოსავალი არ არის. ამიტომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ, რომ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძმობას, ურთიერთობასა და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება.

მადლობას ვუხდი ბრძენ ხალხს, რომლებმაც თავისი სათქმელი გვითხრეს. ჩვენც ჩვენი სათქმელი ვუთხარით. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გეტყვიან, რასაც გადავწყვეტთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შეთანხმდა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, თუ მის მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი რომ დაუჭერს მხარს, მარტო მაშინ აშენდება.  ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ. მე ამოვედი, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ, ვინ ვის რა ესროლა“, – მიმართა აქციის მონაწილეებს გახარიამ შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

მანამდე, გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.