გიორგი გახარია - ზაზა გახელაძის დასახმარებლად უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ
საქართველოს პრემიერმ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის პატიმრობის გახანგრძლივება საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებაა.
მისვე თქმით, უახლოეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა საქართველოს მოქალაქეს დაეხმარონ.
„ეს არის სრულიად უკანონო გადაწყვეტილება საოკუპაციო ძალების. მე პირადად მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციები და მოლაპარაკებები ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა დედაქალაქთან ერთად, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმასთან დაკავშირებით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაჭრეს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.