გიორგი გახარია - ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ
დღეს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, იმ დარგებთან, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას საერთაშორისო საჰაერო ფრენების დაწყების და ამასთანავე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ.
ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი არის უკიდურესად სამწუხარო. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ცალკე აღებული ქვეყანა, ამ ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.
„ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, დარწმუნებული ვარ, გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, ყველამ ერთად, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.