გიორგი გახარია - ასეთ ამინდში ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნელ-ნელა, ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ და პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, უპირველესია ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თუმცა ეკონომიკაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
„ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში და ერთმნიშვნელოვნად ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის თქმა კახეთში საამაყოა, რადგან აქ აბსოლუტურად კარგად მიდის ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ეკონომიკაც არ უნდა დაგვავიწყდეს. საცოდაობაა, ასეთ დროს კახეთში, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ და პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა სტუმარ-მასპინძლობის დარგში დიდი კომპეტენცია, აშენდა ახალი სასტუმროები, რასაც სჭირდება მომხმარებელი.
„ყველას ძალიან კარგად გვესმის, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ ჩვენ მარტივ რაღაცას ვამბობთ – საქართველომ ეს ეპიდემია, კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა გახარიამ.