გიორგი გახარია - ყველა გონიერი ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ვეცადოთ, არჩევნები მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ყველა საღად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ადამიანის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არჩევნებამდე მშვიდ ვითარებაში მივიდეთ.
მისივე თქმით, ყველა უნდა ეცადოს, რომ მძიმე, მძაფრი, პოლარიზებული პოლიტიკური პროცესის შემდეგ ქვეყანაში მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს.
„არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ სიტყვების რახუნს. ამოცანა არის მარტივი. ერთმნიშვნელოვნად, ყველანი ერთად, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მოქალაქე, მმართველი პარტია, ოპოზიცია, დღეს ყველა გონიერი ადამიანის ძირითადი ამოცანაა, რომ წყნარად, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე.
განსაკუთრებით ახლა, პანდემიის პირობები გვაქვს, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, ამას საკმაო მძიმე პოლიტიკური პროცესი მიყვება, არაერთმნიშვნელოვანი. ყველას, ვინც პასუხისმგებლობას გრძნობს, ამოცანა უნდა იყოს, წყნარად, მშვიდად მივიდეთ საარჩევნო დღემდე.
ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან გავიდა დაახლოებით 30 წელი. რეალურად, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მძიმე, მძაფრი, პოლარიზებული პოლიტიკური პროცესის შემდეგ, არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად ღიად, მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ხარისხიანად. ლოგიკა ვისაც მოეკითხება, ყველა ადამიანი მიხვდება იმას, რომ მმართველი ძალის და ხელისუფლების ძირითადი ამოცანა და უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ეს“, – განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება გორში, ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმას, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა, გახარიას თქმით, მსგავსი ფაქტი მიუღებელია.
„თქვენ რაც ბრძანეთ, გორში, რა თქმა უნდა, მიუღებელია, დაუშვებელია, პოლიციამ და სამართალდამცავმა სისტემამ მომენტალური რეაქცია უნდა მისცენ ასეთ შემთხვევას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ეს ადამიანი დაკავებულია უკვე. მერწმუნეთ, სულ ასე იქნება. შეცდომისგან, გადაცდომისგან არავინ გარანტირებული არ არის. როგორც წინა არჩევნები ჩავატარეთ, ზუგდიდში ჩავატარეთ, კიდევ ბევრი არჩევნები ჩავატარეთ, როგორც გვქონდა ყველა თქვენს სპეკულირებაზე, ტყუილზე მომენტალური რეაქცია, ზუსტად ეგეთი რეაქცია გვექნება ახლაც. შემდეგ იმ სადამკვირვებლო მისიებში, რომელთა მოტყუებაც ვერ მოახერხეთ, მაგასაც ვნახავთ, რა ჩანაწერები იქნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.