სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას მიმართა - ქვეყანაში დემოკრატიის საზომი იქნება არჩევნები და არა თქვენი მოსვლა პარლამენტში
სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას მიმართა - ქვეყანაში დემოკრატიის საზომი იქნება არჩევნები და არა თქვენი მოსვლა პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, არჩევნები იქნება ქვეყანაში დემოკრატიის საზომი და არა პარლამენტში გიორგი გახარიას რამდენჯერმე მისვლა.

მისივე თქმით, ძირითადი ოპოზიციური პარტიის ოფისებზე სისტემატური თავდასხმები დაიწყო და ასეთ გარემოში ჩატარებული არჩევნები დიდ კითხვის ნიშნებს გააჩენს.

„ბატონო პრემიერო, თქვენ თქვენი გამოსვლა იმით დაიწყეთ, რომ უკვე მერამდენედ მოდიხართ აქ და თურმე ეს არის რაღაც დემოკრატიის ნიშანი ქვეყანაში. ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანი თქვენი აქ მოსვლა კი არ არის, დემოკრატიის საზომი იქნება ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ქვეყანაში და რომლისთვისაც ჩვენ დავიწყეთ მზადება.

სწორედ ამ არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები, მათ შორის აშშ-ის კონგრესში, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თქვენი ხელისუფლება და თქვენი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას და შესაბამისად, უნდა განიხილოს როგორც სამიზნე შესაბამისად სანქციებისთვის, რომელსაც კონგრესი მის წინააღმდეგ განიხილავს.

ის უნიჭო პასკვილები, რომლებსაც თქვენი დაქირავებული ლობისტები ბიძინა ივანიშვილის მძიმე ბავშვობაზე უგზავნიან ამერიკის კონგრესს, ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის.

და იცით რატომ ვერ მოხსნის, ბატონო პრემიერო? იმიტომ, რომ იმის ნაცვლად, რომ დაიწყოთ მუშაობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მომზადებისთვის, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზაციით ხართ დაკავებული, ეს არ არის გასაოცარი, რადგან მად, გვერდით გიზით მინისტრი, რომელიც ძალიან თავმომწონედ აფიშირებს საკუთარ კავშირებს კრიმინალურ სამყაროსთან და მეორე, თქვენი პოლიტიკური ლიდერი, ასევე კარგი კავშირებით კრიმინალურ სამყაროსთან, დღეს უკვე თავდასხმის კამპანიას აწარმოებს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ვის უხდით მადლობას ამ ტრიბუნიდან, საკუთარი სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც იბარებენ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს დაკითხვაზე ფეისბუკ პოსტების გამო?

როდესაც სისტემატური თავდასხმები დაიწყო ძირითადი ოპოზიციური პარტიის ოფისებზე, ამ გარემოში ჩატარებული არჩევნები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს გააჩენს, რაც შეეხება მათ ლეგიტიმურობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას.

გავიგეთ, რომ არ გაინტერესებთ, გამოიძიოთ, ვინ დაუშინა დათვზე სანადირო ტყვიები ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის წინ და ამის გამოძიება გაინტერესებთ, ბატონო პრემიერო? იქნებ, გვიპასუხოთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.