გიორგი გახარია - ვიწყებთ ფართო კვლევას, როგორი გავლენა ექნება „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე
„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშზე მუშაობამ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეორე ტალღისთვის ეფექტური მომზადების მიზნით, აღნიშნული ანგარიში გამოყენებული იქნება ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ფართო კვლევისთვის.
„იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც ბევრი საუბრები მიმდინარეობს, გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „კოვიდ-19“-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფეროები, რათა ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩასატარებლად მაქსიმალურად სწრაფ დროში“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, ქვეყანა უკეთ მოემზადოს შესაძლო მეორე ტალღისთვის და ასევე იქნება შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება.