გიორგი გახარია - უსაფრთხოების გარეშე ეკონომიკური განვითარება სწრაფი და მდგრადი ვერ იქნება
უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც მინისტრი ბიზნესმენებს ხვდება.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიც არის ტურიზმი, ტრანზიტი, პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების თემებთან.
„უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი. ჩვენ ეს ყველას კარგად გვესმის. განსაკუთრებით გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიც არის ტურიზმი, ტრანზიტი, პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან, მათ შორის ენერგეტიკა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შინაარსობრივი და საინტერესო შედეგის მომტანი იქნება.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბიზნესმენებს დღევანდელ შეხვედრაზე გააცნობს იმ რეფორმებს, რომლებიც შსს-ში გატარდა.