გიორგი გახარია - უნდა შევეგუოთ, რომ წელს ვერ მივიღებთ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მივიღეთ, თუმცა საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს ემატება ის, რომ ქვეყანა ეფექტიანად უმკლავდება ვირუსს
ყველა უნდა შევეგუოთ, რომ წელს ვერ მივიღებთ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თუმცა, პრემიერის თქმით, საქართველოს კონკურენტულ უპირატესობებს ემატება ის, რომ ქვეყანა ეფექტიანად უმკლავდება ვირუსს, მართავს რისკებს და შეუძლია, როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა. ეს კი, ეკონომიკის ამოქმედების საშუალებას იძლევა.
„წელს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მივიღეთ, ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიც არის – ჩვენი ისტორია, ჩვენი რვა ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, ჩვენი სტუმარმასპინძლობა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო ეფექტიანად უმკლავდება ვირუსს, საქართველო ეფექტიანად მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია, როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა.
ამავე დროს, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ეს არის ჩვენი მიზანი და მინდა, ყველას გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ამას მარტო ვერ გააკეთებს. როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში, ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატების, რომელიც ჩვენ გვაქვს ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად ისევე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.