გიორგი გახარია - ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის, კულტურული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, ამას ყურადღება ყოველთვის უნდა მივაქციოთ და შევინარჩუნოთ
გიორგი გახარია - ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის, კულტურული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს, ამას ყურადღება ყოველთვის უნდა მივაქციოთ და შევინარჩუნოთ

ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს, ჩვენ ამას ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმთან მიმართებაში ყურადღების შემცირება არ შეიძლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სისტემური დარგები არ უნდა განვავითაროთ.

„გასაგებია, რომ სისტემური კრიზისები ყველაზე მეტად გამოავლენენ ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ სისტემურ პრობლემებს. გეთანხმებით, რომ ჩვენ ჩვენი ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ. ერთმნიშვნელოვნად ეს ასეა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ.

ტურიზმს აქვს რამდენიმე დიდი უპირატესობა. ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და ტურიზმს აქვს საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამიტომ, ტურიზმი, როგორც ასეთი, ჩვენი ეკონომიკის, უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს და ჩვენ ამას ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე არც ხელის ჩაქნევა, არც ყურადღების შემცირება არ შეიძლება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის სხვა სისტემური დარგები არ განვავითაროთ. რა თქმა უნდა, უნდა განვავითაროთ. თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ ტურიზმში ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვვითარდებოდით, ამიტომ ეკონომიკის სხვა დარგების მიმართ ყურადღება შევამცირეთ, მე ვთვლი, რომ ეს ასე არ არის.

ეკონომიკის სხვა ბევრ დარგს, სჭირდება ბევრად უფრო სისტემატიზებული, სტრუქტურული და დროში გაწერილი მუშაობა. მესმის, რომ ადგილობრივი წარმოება, ინდუსტრიალიზაცია და ასე შემდეგ, საინტერესო და აუცილებელი მიმართულებებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და არ უნდა ველოდებოდეთ ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებს. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სწრაფი ზრდის რაღაც იმპულსები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.