გიორგი გახარია - სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა
გიორგი გახარია - სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა

სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია ეფექტურობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა, აპირებს თუ არა გიორგი გახარია ჰუმანური პოლიტიკის შეცვლას, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ დანაშაულის რამდენიმე მიმართულებით საჭიროა პოლიტიკის კორექტირება და მზად არის ამ საკითხზე ყველა მხარესთან ისაუბროს, თუმცა დანაშაულთან ბრძოლას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ იქნება შესაბამისი სტანდარტის.

„ქვეყანაში არსებობს დანაშაულის რამდენიმე წყარო, ორგანიზებული დანაშაული, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დღესაც ჩვენთვის გამოწვევაა და დანაშაული რომელიც მოტივირებულია ნარკოდამოკიდებულებით და სხვა სოციალურად მოტივირებული დანაშაულით. ეს ის განზომილებებია, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გვჭირდება სისხლის სამართლის პოლიტიკის გარკვეული კორექტირება. ეს არის ის გზავნილი, რომელსაც დღეს ჩვენ პირველად ვაჟღერებთ და ვამბობთ, რომ ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვაქვს ამ ერთი წლის განმავლობაში, გვაძლევს საშუალებას, დავსხდეთ და ღრმა ანალიზის საფუძველზე დავიწყოთ მსჯელობა ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიციასთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ჰუმანურობის გზა სწორია, თუმცა ეფექტიანობის ნაწილში საჭიროა გარკვეული ცვლილებები, რომლებსაც შსს ახორციელებს.

„გამკაცრება როგორც ასეთი, არ არის თვითმიზანი – ჩვენთვის მიზანია ეფექტურობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც შეიცვალა და უნდა შეცვლილიყო, რა თქმა უნდა, სწორად შეიცვალა. ჰუმანურობა არის მისასალმებელი და ჩვენ ამ გზას უნდა დავადგეთ. არანაირ წარმატებას დანაშაულთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვა არ შევინარჩუნეთ შესაბამის სტანდარტზე. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტურობის ნაწილში ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან, როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი, სადაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს, ზოგი უკვე მივიღეთ, ზოგის განხორციელების პროცესში ვართ – ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და გზავნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ ის რისკები, რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა სახის, ჩვენთვის ეს არის პრობლემა, რადგან ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.