გიორგი გახარია - სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები
სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ, ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ მოქალაქეს და პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები.
„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ძირითადი ამოცანა დღეს არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, რადგან ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში – წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, მთავრობა იბრძვის რამდენიმე ფრონტზე და არ არის იმაზე მსჯელობის დრო, თუ ვინ იქნება სიაში პირველი ან მეორე.
„როგორ ფიქრობთ, ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად – ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.