გიორგი გახარია - შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ აჭარაზე იქნება ფოკუსირებული, რათა რეგიონში რაც შეიძლებ მალე აღვადგინოთ ტურიზმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების წესების დასაცავად იქნება ორიენტირებული, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს აჭარაში ტურიზმი.
„აჭარაში ბევრი წარმატებული სასტუმროა. მოგეხსნებათ, რომ ბევრი წარმატებული ტურისტული კომპანიაა. ჩვენ ვისაუბრეთ დეტალურად რითი შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ. ჩვენ შევქმნით სპეციალურ ჯგუფს, რომელიც იქნება ფოკუსირებული და იმუშავებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ აჭარისთვის კონკრეტული წესების, უსაფრთხოების წესების დასაცავად, რათა რაც შეიძლება მალე, სწრაფად და ეფექტურად ჩვენ აჭარაში ტურიზმი აღვადგინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერმა ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ყველა უნდა შეეგუოს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები, ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა.
„მაგრამ ყველა ეს გეგმა დაგვრჩება უკან და იქნება უსაფუძვლო, თუ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ, თითოეულმა კომპანიამ, სახელმწიფომ არ დავიცავით ელემენტარული წესები. სამწუხაროდ, ყველა უნდა შევეგუოთ, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები, ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია და მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ტურისტები, ჩვენ შეგვიძლია ვამუშაოთ ეკონომიკა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად და წარმატებულად ვუმკურნალოთ „კოვიდიინფიცირებულ“ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე სტუმრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.