გიორგი გახარია - შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები დარჩეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ უნდა იზრუნოს, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები დარჩეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ვიდეოკადრების გავრცელების საკითხზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ვიდრე საქმე არ დასრულდება, ღიად რამე სახის პოზიციის დაფიქსირებისგან, ყველამ თავი უნდა შეიკავოს.
„ყველამ, ბოლო დღემდე, გამოძიებას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ დეტალურად გამოიძიოს საქმე. რა თქმა უნდა, გამოძიებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოებაში მინიმალური კითხვები დარჩეს, მაგრამ პოზიციის დაფიქსირება ღიად შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდება. დამატებითი მტკიცებულებები გამოჩნდება, ეს პროცესია, მაგრამ ამით გამოძიების პროცესში შესვლა არ არის კორექტული, ამიტომ, ცოტა ხანს დაველოდოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
გუშინ, მედიაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის კადრები გასაჯაროვდა, სადაც ის მომხდარზე საუბრობს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მედიაში გასაჯაროებული კადრები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გახსნის მიზნით, კონკრეტულ საკნებში კანონიერად დამზადებული ჩანაწერებია.