გიორგი გახარია - საქართველოში ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
გიორგი გახარია - საქართველოში ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სასტუმროები ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და უსაფრთხოების წესები დაცული უნდა იყოს.

მისი თქმით, მთავრობამ პანდემიის პირობებში მიიღო გადაწყვეტილება სასტუმროები, რომელთაც ამის სურვილი ექნებოდათ, კარანტინის ზონებად გამოეყენებინა.

„მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვაც იყო, შეშფოთებებიც იყო და გაურკვევლობებიც, დღეს გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული კონკურენტული უპირატესობა. უბრალოდ, ბევრმა სასტუმრომ საქართველოში ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ყველა სასტუმრო ბიზნესიდან ხართ და გესმით, რომ ბევრი პროცესია სასტუმროებში დამოუკიდებელი, მაგალითად, ქლინინგი, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი სხვა. ყველგან საჭირო არის შესაბამის სტანდარტები, რომლებიც გინდათ, თუ არ გინდათ, იქ სადაც საკარანტინო ზონები იყო, მოგიწიათ და ასე, თუ ისე ისწავლეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამას ჩვენ, კარგი გაგებით, ვაპიარებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება ასე სისტემურად არ აქვს.

ვაპიარებთ იმ ნაწილში, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება ასე სისტემურად, პირველივე დღიდან არ აქვს, შემდგომ დაიწყო ზოგიერთმა ამის გამოყენება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ამით ძალიან დაინტერესებულია. ჩვენ ახლა ინფორმაციას ვცვლით.

თქვენ, საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში გაატარეთ 25 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ სერიოზული ციფრია და ამიტომ, ჩვენ ახლა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პრემიერმა ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.