გიორგი გახარია - საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირება უნდა გავაძლიეროთ
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკონომიკის დარგების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში ტურიზმის ეფექტური გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებდეს არა მხოლოდ როგორც ზღვის, მთის, ღვინის, მდიდარი ისტორიის, კულტურის, სამზარეულოს მქონე სახელმწიფო, არამედ უსაფრთხო ქვეყანა ვირუსის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქვს ყველა იმ მარკეტინგულ პროგრამას, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება.
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული ლოკაციის პოზიციონირება უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერს, რაც აქამდე გვქონდა გაკეთებული და რაშიც უამრავი რესურსი გვქონდა ჩადებული, უნდა დავუმატოთ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხოა. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ ამის დეკლარირება საკმარისი არ არის. დეკლარირებასთან ერთად ეკონომიკის გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.