გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისა და პარტნიორობისთვის
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაშია ნათქვამი.
გიორგი გახარია საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობას უხდის ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
„დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს.
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.
ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.