გიორგი გახარია - საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს, არ უნდა დავკარგოთ პოტენციალი, რომელიც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში
ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს და არ დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
„მესმის, რომ ერთბაშად, დიდი რაოდენობის ტურისტს ჩვენ ვერ მივიღებთ, უბრალოდ, მსოფლიოში არ იქნება ისეთი დიდ მოძრაობა, როგორიც იყო ადრე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ამ კრიზისის შემდგომ უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ყველაზე მთავარია, რომ ყველა იმ მიმზიდველობასთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა იმისთვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ტურისტული ქვეყანა, უნდა დაემატოს კიდევ ერთი წარმატებული კომპონენტი, ეს უნდა იყოს ვირუსის ეფექტური მართვა. ქვეყანა უნდა იყოს ადაპტირებული ამასთან, ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწრაფად გამოვავლინოთ ეს ვირუსი, სწრაფად ვუმკურნალოთ, სწრაფად ვმართოთ, ასე რომ ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, სამწუხაროდ, ეს ფაქტია, ამ ვირუსთან გარკვეული პერიოდი ცხოვრება მოგვიწევს. ეს არის და ეს. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა ბათუმში და იმედი მაქვს, რომ კახეთში უფრო საინტერესო გვექნება. კონკრეტული შეკითხვები, კონკრეტული თხოვნები. პირველად არ ვხვდებით, ის რისი გაკეთებაც შესაძლებელია, გავაკეთებთ. რისი გაკეთებაც შესაძლებელი არ არის, არ მომერიდება, გეტყვით, ბოდიში ვერ გავაკეთებთ. დღეს ვიყავით შალაურში, პატარა კარგი კლასტერი გამოდის, პატარა სასტუმროებით, გაზსაც მივივყანთ, წყალსაც მივიყვანთ ნელ-ნელა, რათა როგორც კი მშენებლობას დაამთავრებენ, ნელ-ნელა სტუმრების მიღება შეძლონ. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ამ რეგიონისთვის და იცოდეთ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ნაწილში, რომ გვერდში დაგიდგეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.