გიორგი გახარია - სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას
გიორგი გახარია - სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სექტორი არის დეველოპმენტი და მშენებლობა.

„ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. არის მათთვის, ვინც უკვე ამ პროცესში შესულია, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი. მათთვის, ვინც უკვე დაიწყო სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე.

სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მათი მიზანია, რომ სამშენებლო სექტორი კრიზისის შემდგომ პერიოდში იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, როგორშიც 2008 წლის მერე იყო.

„მოხდება სამშენებლოს სექტორის მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ, როდესაც დღემდე არის ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დარჩენილი მშენებლობები. ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ იმისთვის, რომ დღგ-ს შეღავათი გავუკეთეთ 2008 წლამდე ნებართვებით გაცემულ მშენებლობებს, თბილისის მერიამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტულ პროექტებში შევიდა, რომ ეს უბინაოდ დარჩენილი, უბრალოდ, კომპანიების და მათ შორის, მთავრობის მიერ გადაგდებული ადამიანებისთვის საბინაო უზრუნველყოფის პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა. აი, ასეთი რისკი რომ არ შეიქმნას, სწორედ ამიტომ კეთდება ეს“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.