გიორგი გახარია - საფრანგეთის შს მინისტრთან შეხვედრის დროს შეჩერების მექანიზმი საერთოდ არ ყოფილა განხილული
გიორგი გახარია - საფრანგეთის შს მინისტრთან შეხვედრის დროს შეჩერების მექანიზმი საერთოდ არ ყოფილა განხილული

შეჩერების მექანიზმი არის ჩვენი, ყველას, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ პატივი ვცეთ როგორც ჩვენს შიდა კანონმდებლობას, ასევე იმ ქვეყნების შიდა კანონმდებლობებსაც, სადაც მივდივართ ტურისტული, თუ საქმიანი ვიზით, ასევე იმ სივრცის კანონმდებლობას, საითკენაც მივილტვით და რომლის ნაწილიც გვინდა რომ გავხდეთ, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეჩერების მექანიზმზე საუბარი ფრანგ კოლეგასთან დღევანდელ შეხვედრაზე არ ჰქონია.

„კონკრეტულად, დღეს ჩემს კოლეგასთან საუბრის პირობებში, შეჩერების მექანიზმი საერთოდ არ ყოფილა განხილული. განხილული იყო იმ თანამშრომლობის მექანიზმები, რომლებიც ეხება ორგანიზებული დანაშაულის, საერთოდ უსაფრთხოების და ტერორიზმის რისკებს და ასევე, განხილული იყო თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ალბათ ყველაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვექნება ამ სამი მიმართულებით საფრანგეთის სახელმწიფოსთან.

ამით კმაყოფილები ვართ და მინდა, ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის, ეფექტური თანამშრომლობისთვის, გეგმებისთვის და ხელმოწერილი დოკუმენტისთვის. გარდა ამისა, შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ სატელეფონო საუბარი გვექნება, რომ განვიხილოთ მიმდინარე პრობლემები, გეგმები და წარმატებები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი იმყოფება, რომელიც დღეს ქართველ კოლეგა გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან. ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნასაემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც პირდაპირი ფრენები სრულდება.