საფრანგეთში გამგზავრების მსურველებს საქართველოს აეროპორტებში ფრანგული მხარეც შეამოწმებს
საფრანგეთში გამგზავრების მსურველებს საქართველოს აეროპორტებში ფრანგული მხარეც შეამოწმებს

საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, ლიონში და სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საფრანგეთის შს მინისტრთან კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა.

„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ფრანგ კოლეგებს, რომლებსაც კარგად ესმით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის რას ნიშნავს ეს მიღწევა“, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში, მიღწევა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“. კერძოდ, საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, მათ შორის, ლიონში სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, რათა წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში. ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი არის პრევენციაზე მუშაობა და საფრანგეთის შს მინისტრმა რაც აღნიშნა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ. ორგანიზებულ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.

გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის. მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე არ უსაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს.

დატოვე კომენტარი