საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-სსფ) მმართველ დირექტორს და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მადლობას უხდის.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა საერთაშორისო დონორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
„მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსა და პროგრამის მომლაპარაკებელ მისიას VI მიმოხილვის დასრულებისთვის და მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო დონორებისთვის. ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს“, – აღნიშნავს გიორგი გახარია „ტვიტერში“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ქვოტის 130 პროცენტით ზრდა. საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR 147 მილიონი (დაახლოებით 200 მილიონი დოლარი) საბიუჯეტო დახმარების სახით.
საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ტვიტერში“ გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი. კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.