ტაო ჟენგი - პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ასევე შინამეურნეობებსა და დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესთავაზა
ტაო ჟენგი - პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ასევე შინამეურნეობებსა და დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესთავაზა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საჭიროებების დასაფინანსებლად საქართველოსთვის თანხის გამოყოფის დამტკიცების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესრელზში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ქვოტის 130 პროცენტით ზრდა, ამით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი მთლიანი თანხა SDR 484 მილიონს (ქვოტის 230 პროცენტს) გაუტოლდება.

„ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR 147 მილიონი (დაახლოებით 200 მილიონი დოლარი) საბიუჯეტო დახმარების სახით, რაც საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საბიუჯეტო და საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები გაუტოლდება SDR 327 მილიონს (დაახლოებით 448 მილიონ დოლარს).

მიმოხილვის მსვლელობისას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე დააკმაყოფილა ქვეყნის ხელისუფლების თხოვნა პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტის დეფიციტზე დაწესებული კრიტერიუმის დაუცველობის უგულებელყოფის შესახებ“, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

სსფ აცხადებს, რომ პანდემია სავარაუდოდ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს, რაც წინა წლებში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციას შეაფერხებს. შესუსტებულმა მაკროეკონომიკურმა მდგომარეობამ და ფისკალურმა ვითარებამ შექმნა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის და ბიუჯეტის დაფინანსების მყისიერი საჭიროება. სსფ-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯის დაფინანსებაში.

როგორც აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის დასრულებისას,  სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავჯდომარე ტაო ჟენგმა განაცხადა, COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.

„საგარეო მოთხოვნისა და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის ზრდა, ლარის გაუფასურება და ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება. ხელისუფლებამ სწრაფად აამოქმედა შეკავების ღონისძიებები, ამასთან, შინამეურნეობებსა და ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს მიზნობრივი დახმარება შესათავაზა. ფისკალური დეფიციტი გაიზარდა. საგარეო დაფინანსების მობილიზება დამატებითი ხარჯების დაფინანსების საშუალებას იძლევა. მაშინ როდესაც საბიუჯეტო ხარჯების ზრდა აუცილებელია, ყურადღება უნდა მივაქციოთ ვალის მდგრადობას და ფისკალურ რისკებს, რაც მომდინარეობს სახელმწიფო საწარმოებიდან“, – განაცხადა მან.

ამასთან, ტაო ჟენგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად. მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ინფლაციური მოლოდინების ზედმიწევნით მონიტორინგს.

„სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ხელს შეუწყობს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებას და COVID-19 პანდემიის შემდეგ სწრაფ აღდგენას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის მიღება პენსიონერების რეალურ შემოსავალს შეინარჩუნებს. საბანკო რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება და გადახდისუუნარობის ჩარჩოს ამუშავება დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებას“, – აცხადებს ტაო ჟენგი.

ამასთან, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის ზრდა დაეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას, გაატაროს „კოვიდ 19“-ის შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და დააკმაყოფილოს საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭიროებები.

დატოვე კომენტარი