გიორგი გახარია - როგორც ვირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ეფექტური თანამშრომლობა იყო წარმატების ძირითადი გასაღები, ზუსტად ისევე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაში
როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ეფექტური თანამშრომლობა იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვებთან შედარებით, ზუსტად ისევე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველო ვერ მიიღებს იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მიიღო, მაგრამ მის კონკურენუტულ უპირატესობებს ემატება ის, რომ ქვეყანა ვირუსის რისკებს ეფექტიანად მართავს. ეს კი, ეკონომიკის ამოქმედების საშუალებას იძლევა. პრემიერის თქმით, ამას სახელმწიფო მარტო ვერ გააკეთებს.
„ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიც არის – ჩვენი ისტორია, ჩვენი რვა ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო ეფექტიანად უმკლავდება ვირუსს, ეფექტიანად მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია, როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა. ამავე დროს, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ეს არის ჩვენი მიზანი და მინდა, ყველას გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ამას მარტო ვერ გააკეთებს. როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად ისევე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.